|
ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის თანამშრომლები და პარტნიორები
11.12.2009 - ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი 10 წლისაა! ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ განახორციელა მთელი რიგი სამედიცინო პროექტები, რომლებიც ფინანსდებოდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორების მიერ. ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს სამეცნიერო პროექტების განხორციელება, რომელთა შედეგები პერიოდულად იბეჭდება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში. დღეს, როდესაც საქართველოში, მედიკო-ბიოლოგიურ სფეროში, რეალური სამეცნიერო კვლევების საკმაოდ სერიოზული დეფიციტია და საერთაშორისო ორგანიზაციები უპირატესად აფინანსებენ და ახორციელებენ გამოყენებით, და არა სამეცნიერო პროექტებს, ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის მიერ ჩატარებული კვლევები (მათ შორის ზოგიერთი რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე მულტიცენტრული პროექტის ნაწილია) საკმაოდ სერიოზული შენატანია ქართული მეცნიერების პროგრესში. უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსებულ პროექტებთან ერთად, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც ფინანსდება საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (პაპილომავირუსლი ინფექციის ეპიდემიოლოგია საქართველოში). პროექტი შეისწავლის საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამომწვევი ვირუსის გავრცელებას, მის დამაზიანებელ შედეგებს და ამ ინფექციის შესახებ ცოდნის დონეს ქართველ ექიმებსა და ქალებში. აღნიშნული სამეცნიერო პროექტები ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირმა წარმოადგინა 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა სასტუმრო რადისონში (Radisson SAS Iveria Hotel) 2009 წლის 11 დეკემბერს, 18 სააათზე.
|
Copyright © 2007-2010 MCCU